ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის ეროვნულ გამოცდაზეა გასული” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის ეროვნულ გამოცდაზეა გასული. მისივე თქმით, პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ხოლო მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ამის შესახებ  ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“დღევანდელი ეპიდსიტუაცია, პანდემია გრძელდება, ეპიდემია გრძელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ამ ფონზე, საქართველო გარკვეულ ოაზისად გამოვიყურება. ერთი შემთხვევა არის კონტაქტი გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან. გუშინ ღამე დადასტურებული შემთხვევა გახდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მასთან კონტაქტია გოგონა, რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია და ის არის 7 ივლისს გამოცდაზე გასული” – თქვა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და გამოცდის პროცესს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ინფიცირებული აპლიკანტი აბარებდა, საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან.

“დიდი ალბათობით, იმ 9 აბიტურიენტს, ვისთან ერთადაც აბარებდა ეს აბიტურიენტი, ისინი განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ PCR ტესტი” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფიცირებული აბიტურიენტი დანარჩენ გამოცდებზე ვეღარ გავა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, ეს აპლიკანტი ახლა მკურნალობის პროცესს გადის და გამოცდების ჩაბარებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს.

იტვირთბა....