გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე, გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნიკოლაძე აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე პირი 109-ე მუხლით უნდა დაისაჯოს.
როგორც ყიფშიძემ განაცხადა, საზოგადოებრივი აზრით, დაზარალებულის მოთხოვნით და ადვოკატის სურვილით ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა არ უნდა მოხდეს.
„სიტყვასიტყვით რომ გადმოვიტანოთ ბატონი მირიან ნიკოლაძის სიტყვები, რომ ყველას ბრალი წაუყენონ ეს ყოველგვარ საზღვარს სცდება. როგორ შეიძლება ბრალი წაუყენო იმ ადამიანებს, რომლებიც იმ მომენტში, როდესაც ეს ფაქტი ხდებოდა საერთოდ არ იყვნენ იმ ტერიტორიაზე. ვგულისხმობ დაკავებული 17 ადამიანიდან ძალიან ბევრს.
არ არის გამორიცხული, რომ ბრალი დამძიმდეს. ბრალს და დამძიმებას გააჩნია. ძალიან რთულია ეხლა მე ამ საკითხზე ვიმსჯელო, რადგან აღნიშნულ საქმეში კიდევ არსებობს ორი მანქანა, რომელიც გამოკვლეული არ არის ბოლომდე. ეს 17 ადამიანი რატომ უნდა მივაყენოთ კუთხეში, როცა არ ვიცი იმ ორ დანარჩენ მანქანაში ვინ იჯდა და რას ახორციელებდნენ.
მართლმსაჯულებისთვის საზოგადოებრივი აზრი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ჩვენ ხომ საზოგადოებრივი აზრით, დაზარალებულის მოთხოვნით, ადვოკატის სურვილით და ა.შ ადამიანებს განაჩენს ხომ ვერ გამოვუტანთ. არ შეიძლება ვინმესკენ ხელი გავიშვიროთ, როცა საქმეში იმხელა ლუფტია, ბმა პრაქტიკულად იკარგება, გზისა და გარდაცვალების ადგილს შორის. აქედან გამომდინარე ამ მონაკვეთში არავინ არ იცის ვინ სად იყო და რას აკეთებდა. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს. თუ რამე ახალი რამე ღირებული მტკიცებულებები არ დაემატა სისხლის სამართლის საქმეში, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება. გინდა 109 მუხლი წაუყენე გინდ 1009. რა მნიშვნელობა აქვს? თუ ვერ დაამტკიცე, რომ ვინმემ ეს დანაშაული ჩაიდინა, წაყენება წაყენებისთვის ხომ არ ივარგებს“, – განაცხდა გიორგი ყიფშიძემ.
მირიან ნიკოლაძის განცხადება: “ტოიოტა ქამრის ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით”, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და იქნა გაგებული, როგორც 17-ვე პირი.
პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.