“ეს უმძიმესი შემთხვევაა ოჯახისთვის. მათ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძალიან ძვირფასია. შესაბამისად, ამ საქმემ და გამოძიებამ ოჯახის არც ერთი შეკითხვა არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინფორმაციით, გადაკვალიფიცირდა ქმედება და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე, დამამძიმებელ გარემოებებში. ამ ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება და საქმის გადაკვალიფიცირება სწორია.“
ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვია, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.