„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.