19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რომელიც მას გამოძიებამ საქმის მასალებთან ერთად გადასცა, არანაირად არ არის დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან. ამის შესახებ მან “ინტერპრესიუსს” განუცხადა.
„არ გავცნობივარ დეტალებს. არ ვიცი, ვინ არის ამ მასალის გადამღები, ეს დეტალები არ ვიცი. არ არის იდენტიფიცირებული არაფერი და ვითხოვ განადგურებას, იმიტომ, რომ ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. ვნახე რამდენიმე სურათი, დანარჩენს არ გავცნობივარ. ეს დოკუმენტები გაგვიცვალა ბრალდების მხარემ, თვითონ ჩაწერა ჩვენს კომპიუტერში. საუბარია ფოტო და ვიდეომასალაზე. არაიდენტიფიცრებული პირია ფაილებში, არავინ არ ამომიცნია. არ შემისწავლია, ვნახე თუ არა, მაშინვე დავუკავშირდი პროკურატურას. არ არის არანაირად დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის საქმესთან, შემიძლია ამის თქმა თავის შინაარსიდან გამომდინარე“ – თქვა ადვოკატმა.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მცხეთაში, იმ ტერიტორიაზე იყოს გადაღებული, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, ადვოკატის თქმით, „ფაილები ამ ინფორმაციას არ იძლევა“.
გარდა ამისა, ვასილ მამულაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა შესაძლოა, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ბრეგვაძის მობილური ტელეფონის შემცველი ინფორმაციის შესახებ დასკვნა ექსპერტიზას ჯერ არ დაუდია.
„არ მაქვს ეს ინფორმაცია, მცხეთაში მოხდა მოქმედება თუ სადმე სხვაგან. ეს ფაილები ამ ინფორმაციას არ გვაძლევს. როცა ვნახე ეს ფაილები, იყო ორმხრივი კომუნიკაცია გამოძიებასთან და მოვითხოვე განადგურება, რომელიც არის კანონიერი და სწორი ამ სიტუაციაში“ – აღნიშნნა მან.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა.
თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.