ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მთავარი ამოცანა იყო, რომ გიორგობიანი ჩემი კოლეგააო და ის ტყუილია რაც მასზე თქვესო“ – თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიკერძოებულად იძიებს, რადგან საქმეში მონაწილე ფოტოგრაფი მისი ნათესავია. მისი თქმით, გენინსპექციის მიერ მოკვლევის ჩატარება ტყუილია, რადგან გენინსპექცია არ არის საგამოძიებო ორგანო და ის ვერაფერს ვერ გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ გააკეთა.

„რაც არ უნდა პროკურატურას არ უნდოდეს, რაც არ უნდა თამაშებში მონაწილეობდეს, რაც არ უნდა რაღაც სპექტაკლს გვაჩვენებდეს და შს მინისტრის მოადგილე ბრიფინგს ატარებდეს, რომ თურმე მოკვლევას ატარებს გენინსპექცია, ეს ერთის მხრივ უცოდინრობაა, მეორეს მხრივ ეს არის ბლეფი ანუ ტყუილი საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ გენინსპექცია არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო, ვერაფერს ვერ გამოიძიებს, მოკვლევა ასეთი ბუნებაში არ არსებობს.

როდესაც 112-ის ზარის გაშიფვრა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ვნახე სხვადასხვა ადვოკატების კომენტარებში, განჩინებით აქვთ ეს ამოღებული. პროკურორის მოთხოვნით უნდა ხდებოდეს განჩინების ამოღება მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამოიღეს ბრიფინგის ჩატარებამდე ნახევარი საათით ადრე. განჩინებით ამოღებული დოკუმენტი არ შეიძლება მოხვდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელში იმიტომ, რომ განჩინებით ამოღებული დოკუმენტი სისხლის სამართლის ნაწილია.

კანონით ამ გამოძიების პატრონი არის პროკურატურა, მაგრამ რეალურად გამოძიებას პატრონი არ ჰყავს. გამოძიებამ შექმნა გადღაბნილი პასუხისმგებლობის სურათი, როგორც მოხდა ხორავას საქმეზე ვუყურებდით. პასუხისმგებელი არ გამოიკვეთა ვინ იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ამოცანა ის კი არ იყო, რომ მე ვარ პატრონი გამოძიებისო, მთავარი ამოცანა იყო, რომ გიორგობიანი ჩემო კოლეგააო და ის ტყუილია რაც მასზე თქვესო“ – განაცხდა მაია მწარიაშვილმა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....