საგამოძიებო ორგანოში 7 ივლისს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიყავით და ეს ჩანაწერები დაახლოებით, 6-7 საათზე გადმოგვცეს – ამის შესახებ, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. რითაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე შემთხვევის დღეს 112-ში რეკავს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნული ჩანაწერი საგამოძიებო ორგანომ დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ არ გადასცა და ისე გაასაჯაროვა.
„მნიშვნელოვანია ის, თუ როდის გაასაჯაროვა საგამოძიებო ორგანომ 112-ის ჩანაწერი. განჩინება 23 ივნისს არის მიღებული, გასათვალისწინებელია, რომ 112 შსს-ს დაქვემდებარებაშია, დაახლოებით, 10-15 წუთი იყო საჭირო იმისთვის, რომ ამის ტექნიკურად გამოთხოვა 23 ივნისსვე მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა იყო, საგამოძიებო ორგანო ამ პროცესს 7 ივლისს, 13 საათსა და 55 წუთზე ასრულებს და 14:00 საათზე მინისტრის მოადგილე პრესკონფერენციას იწყებს, ანუ საგამოძიებო ორგანომ ბრიფინგამდე 5 წუთით ადრე მიიღო გამოთხოვილი მასალა. მნიშვნელოვანი იცით რა არის? საგამოძიებო ორგანოში 7 ივლისს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიყავით და ეს ჩანაწერები დაახლოებით, 6-7 საათზე გადმოგვცეს, ვინაიდან მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს ეს მტკიცებულებები არ ჰქონდა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუ საქმეში არსებობს მტკიცებულება და ადვოკატი დილის 10 საათიდან იწყებს მოთხოვნას, გასაჯაროებები და მონტაჟი, ხმები კი არ უნდა გაკეთდეს, ეს მტკიცებულება ჯერ დაცვის მხარეს უნდა გადასცენ. ეს იცით რას ნიშნავს? ბრალდებას მინიმუმ, ეს მტკიცებულება ჰქონდა და ჩვენ დაუყოვნებლივ არ გადმოგვეცა, რაც მის დაუშვებლობას იწვევს.
იმისათვის, რომ მტკიცებულება დასაშვები იყოს, მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ცნობილი უნდა იყოს, რომელიც შესაბამისი ექსპერტიზით დასტურდება. მათ შორის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის კუთხით, ხმის შედარებით, მაგალითად, ხომ არ არის გადაკეთების, მონტაჟის კვალი და ა.შ. ეს პირველადი ეჭვები დაცვის მხარეს გაგვიჩნდა. თუკი, ფაილებს შევისწავლით, ვნახავთ, რომ 112-ში პირველი ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად მითითებულია 30 ივნისი, 23:30 საათი და ჩვენ გვაქვს გონივრული და დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ფაილი შესაძლოა, მინიმუმ დამუშავებული იყოს. არ ვსაუბრობთ ეს ახლიდან შექმნილია, თუ ახლიდან ჩაწერილი და ა.შ. ეს არის მინიმუმ დამუშავებული. რაც არ უნდა გადაწერა მოხდეს სხვა დისკზე, კომპიუტერში, შექმნის თარიღი უცვლელი რჩება. ამ კუთხით კითხვები არის და ეს უნდა გამოიკვლიონ“, – აცხადებს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.