ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“კბილებში მოგხვდებათ“ – ასე გვაშინებდა გია ბარამიძე” – ირმა ჭკადუა

ადვოკატი ირმა ჭკადუა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სვანეთში სპეცოპერაცია ნამდვილად იყო საზოგადოების დაშინების დასაწყისი საქართველოში, ამიტომ ეს იყო საჩვენებელი სპეცოპერაცია, რომელიც მსხვერპლით დაასრულეს.

„ეს იყო ერთ-ერთი სისხლიანი სპეცოპერაცია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმმა სათავეში მოსვლის შემდეგ აწარმოა სვანეთში. ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს 2000-ზე მეტი ადამიანი და 12 ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.

ეს იყო სახელმწიფოს გამოცხადებული ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ, ეს იყო ჩადენილი სისასტიკე რეალურად არასრულწლოვანი ბავშვების, მოხუცების წინააღმდეგ. გარდა ამისა, სისხლის სამართლის მასალებში არ არის აფრასიძეების ოჯახიდან ამოღებული სროლისთვის ვარგისი არც ერთი იარაღი, აქედან გამომდინარე, ბარამიძე ბევრს საუბრობს, მაგრამ საუბრობს ზეპირად და მტკიცებულებების გარეშე.

გიორგი ბარამიძე ამბობდა იმასაც, რომ აფრასიძეების ოჯახის ადვოკატებს მოგვხვდებოდა კბილებში, ის გვაშინებდა მე, მალხაზ ჯანგირაშვილსა და ნიკოლოზ გორდეზიანს, ამის მტკიცებულებები არსებობს, რადგან ამაზე საჯაროდ საუბრობდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელს მსოფლიოს საკუთარი თავი და ხელწერა დაამახსოვრა განსაკუთრებული სისასტიკით, ჩვენ გვახსოვს ტელედაპატიმრებები, ტელედახვრეტები და ამ ყველაფრის დასაწყისი იყო ეს სპეცოპერაცია. მიხეილ სააკაშვილმა თავად თქვა, რომ უშუალოდ გასცა აფრასიძეების ამოხოცვის ბრძანება. ვფიქრობ, გამოძიებას ძალიან გაუადვილა მდგომარეობა სააკაშვილის ამ განცხადებამ და რატომ არ უყენებენ ისინი ბრალს ამ ადამიანებს, ჩემთვის გაუგებარია“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

აქვე შეგახსენებთ, დოდო აფრასიძის მოთხოვნის საფუძველზე გენერლურმა პროკურორმა შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. დოდო აფრასიძე ირაკლი შოთაძეს ხვალ, 14:00 საათზე შეხვდება.

იტვირთბა....