ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეჩვენება, რომ შაქარაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს გადარჩენაზე” – მირიან ნიკოლაძე

მეჩვენება, რომ სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში – ამის შესახებ, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა გაიზრდოს კვალიფიკაციის სიმძიმე და არ არის გამორიცხული, გაიზარდოს ასევე ბრალდებულთა წრეც.

“პირველივე დღიდან, ძირითადი და წამყვანი ვერსია ჩვენთვის იყო გიორგის განზრახ მკვლელობა. თუკი ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა მოგვცემს გასაქანს, რომ კატეგორიულ ფორმაში ვიმსჯელოთ, იმავე დღიდან და წუთიდან ოჯახი დააყენებს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შემდგომი წარმოების საკითხს. რა თქმა უნდა, მე ვვარაუდობ იმას, რომ გაიზრდება სიმძიმე კვალიფიკაციისა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალოს კვალიფიკაცია, რადგან ეს იქნება სიმართლის დადგენა. დაკითხული პირები რომ იყვნენ გულწრფელი, ჩვენ ექსპერტიზას დაველოდებოდით, როგორც მეორად მოვლენას და ამით კიდევ უფრო გამყარდებოდა ის, რაც ჩვენებებით იქნებოდა დადგენილი. მე მეჩვენება, რომ სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში”, – აცხადებს ნიკოლაძე.

ნიკოლაძემ ასევე, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ და დაზარალებულად ცნობილ პირებს მიმართა, რომ გამოიყენონ ბოლო შანსი და თქვან სიმართლე.

აღნიშნული განცხადება ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....