“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტი „21-ე საუკუნის დიქტატურის მეთოდებს“ წარმოადგენს. ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, სწორედ ამ მეთოდებით თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია, ბიძინა ივანიშვილი კი ახლა სწორედ ამ გზას ადგას.
„ქვეყანაში დიქტატურა კანონდება. ის ცვლილებები, რომელიც პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა, სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაკანონება. ამ ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი უფლებები, მათ შორის ის, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებაში შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა და ამ მმართველსაც, თავის მხრივ, გააჩნია განუსაზღვრელი უფლებები, მათ შორის ისიც, რომ მედიასაშუალების აქციების პაკეტიც გაყიდოს. ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, გასაჩივრდება თუ არა სასამართლოში ჯარიმების ოდენობა, ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატორის მეთოდები,” – განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში.