გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, სხვადასხვა ტელევიზიებს შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ფოტოებით, თუ კადრებით და ასევე სხეულის დაზიანებების ფორმაზე საუბრით საზოგადოება შეცდომაში შეყავს. ამის შესახებ განცხადება მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა.
„არაერთხელ გააკეთეს ექსპერტებმა განცხადება, რომ დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დრო საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს.
მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ვიზუალური თვალსაზრისით ამ ძალათ სკანდალების მოსმენას ყოველ დღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, თითქოს ვინმემ რაღაც დასკვნა დადო, არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.
ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნება. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ არ სცემა და არ ჩაახრჩო წყალში, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა.
ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია ეგ გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.