“ქურდული სამყარო” – რა ვიცით სიტყვების ამ, ერთი შეხედვით უცნაური (სასაცილო თუ არა) კომბინაციის შესახებ?.. ბევრმა ბევრი, ბევრმაც თითქმის არაფერი, თუმცა ყურში ეს ტერმინი ყოველ ჩვენგანს მოხვედრია და ყველამ ვიცით, რომ ის კრიმინალის ერთგვარ “ელიტურ” სფეროსთან არის კავშირში.
მოდით მოკლედ და ცოტა განსხვავებულ ჭრილში განვიხილოთ რა “სამყაროა” ამისთანა და რას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ამ “სამყაროს” სათავეში უდგანან და განაგებენ.
მოკლე განმარტება, რომელიც განმარტებით ლექსიკონსაც კი დაამშვენებდა: – “ქურდული სამყარო” ერთგვარი სამართლებრივი სისტემაა, რომელიც იდეაში(!) სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის მიღმა მოიაზრება და ყველა მიმართულებით მის წინააღმდეგ მუშაობს. სისტემა, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს და სამართალსაც მათი მეშვეობით და საკუთარი ხერხებით აღასრულებს.
დავიწყოთ შორიდან, თუმცა პირდაპირ იერიშით…
თუ არსებობს კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი, დადებითი და უარყოფითი, მაშინ ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს შეიძლება ასეთებად არ მოიაზრებენ, ერთმნიშვნელოვნად მეორეთა რიგებს განეკუთვნებიან და მათ წინაშე ქედის მოხრა, გარდა იმისა, რომ უარყოფითის წინაშე ქედის მოხრას ნიშნავს, ნიშნავს საკუთარ “მე”-ზე შიშის გამარჯვების აღიარებასაც და ამას გამართლება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს!.. და აი რატომ…
ვიღაცა თუ უარყოფითს იმიტომ ნებდება, რომ მისი გაგებით და მისი გადმოსახედიდან ამით ახლობლის, ნათესავის, ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ არავისზეც არ ზრუნავს!.. არავისზე იმ გარემოს გარდა, რომლის წინაშეც თავს ხრის და შესაბამისად იგივეს გაკეთებას აიძულებს მასაც, ვისზეც ჰგონია რომ ზრუნავს, ვისაც ჰგონია რომ იცავს… სხვანაირად რომ ვთქვათ მასაც ქცევის წესების ერთგვარ ესტაფეტას გადასცემს, აძლევს რა იმ მაგალითს, რომლის გაზიარებისა და მიღების შემთხვევაშიც ცხოვრებისა და ყოველდღიურობის “უსაფრთხო სტაბილურობა” მიიღწევა და ასე ჯაჭვისებურად, უფროსიდან უმცროსზე, მამიდან შვილზე.
ამ ქსელის (ამ სიტყვის ორგანული გაგებითაც კი) მიმართ მონურ-მორჩილი დამოკიდებულება მხოლოდ მის გაფართოებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს და ეს გზა იმდენად რეგრესულია, რამდენადაც ზოგადად შიში.
როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მსგავს ვითარებაში?.. როგორ უნდა იქცეოდეს ვითარებაში, რომელშიც მას ფაქტობრივად ჩრდილოვანი ორეული ჰყავს, რომლის მართვის მეთოდებიც შეუნიღბავად პირველყოფილია და შიშსაც ასევე შეუნიღბავად თესავს?..
სახელმწიფო, რომელიც წინსვლისთვის, სხვადასხვა მიმართულებებით განვითარებისთვის, თავისუფალი აზროვნებისთვის და ზოგადად პროგრესისთვის არის მოწოდებული, ამისთვის იღწვის და მთელ თავის ძალისხმევასაც აქეთკენ მიმართავს, არ შეიძლება გასაქანს ისეთ ძალებს აძლევდეს, რომელთა მთავარი და ერთადერთი საყრდენიც ის უმეცრებაა, რომელიც თავისი არსით ადამიანის იმ პირველყოფილ-ცხოველურ მდგომარეობას უტოლდება, სადაც მიზანი მხოლოდ ლუკმაა, თავის თავში არანაირ იდეას არ შეიცავს და “ქვისა და ჯოხის” საშუალებით მიიღწევა.
რატომ არის რომ “ქურდული მენტალიტეტი” უფრო მეტად ზრდადაუსრულებელი ინდივიდისთვის არის ერთგვარი სატყუარა და ასეთი მენტალიტეტით აღჭურვილი ზრდასრული ადამიანიც ასეთად ფაქტობრივად უკვე მოზარდობისას შეიქნა და არა ჩამოყალიბებული პიროვნების გარემო-პირობებში?
საქმე იმაშია, რომ “სამართლის კოდექსის” ის სახელმწიფოს მიღმა არსებული “მუხლები”, რომლითაც ეს ადამიანები თითქოსდა ხელმძღვანელობენ, თავის თავში ნამდვილად შეიცავს იმ მარცვლებსაც, რომლებიც სამართლიანობასთან, როგორც საპირისპირო ნიშნებისა და მახასიათებლების გამანეიტრალებელ ცნებასთან, ხშირად უფრო მეტად ახლოს დგას, ვიდრე მისი სახელმწიფოს ექვივალენტი და ზუსტად აქ მოიაზრება ის ერთგვარი მახე, რომელშიც ახალგაზრდა და მითუფრო შესაბამისი სოციალური გარემოთი მოცული ადამიანი ებმება ხოლმე.
ბოლო ათწლეულების ჩვენი საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა და ფაქტობრივად ჯერ კიდევ “თვალაუხელელი” გონებებისთვის, “ქურდული სამყარო” ერთგვარი რომანტიზმით აღვსილი ის სივრცეა, სადაც ინდივიდს თავი რაინდად წარმოუდგენია, რომელიც სახელმწიფოს უნდა მტრობდეს… კი არ უნდა ეკამათებოდეს, კი არ უნდა ეპაექრებოდეს… უნდა მტრობდეს და სპობდეს!..
განათლების როლზე და მნიშვნელობაზე ბევრი მითქვამს და არ შეიძლება ორიოდ სიტყვით აქაც არ შევეხო… მითუფრო, აქ უბრალოდ აუცილებელიც არის! – განათლება იმდენად დიდ როლს თამაშობს ადამიანის შედგენა-ჩამოყალიბებაში, რამდენადაც საკვები ორგანიზმის ზრდა-განვითარებაში. “ქურდულ სამყაროს” ფაქტობრივად გაუნათლებელი ხალხი შეადგენს და როცა სიტყვა “გაუნათლებელს” ვხმარობ, ამ შემთხვევაში მის იმ მნიშვნელობას ვგულისხმობ, სადაც და როცა ინდივიდი პირობითად გველეშაპს უარყოფით პერსონაჟად არ(ვერ) მოიაზრებს, ან ფიფქიას არ(ვერ) მოიაზრებს დადებით პერსონაჟად… ანუ ამ ადამიანებისთვის “სამართლის სამსახურში დგომა” უმეტესწილად ბოროტების განხორციელებით გამოიხატება და მათი გაუნათლებლობაც სწორედ ასეთი სახის განსხვავებების ვერამოცნობაში მდგომარეობს და არა განათლების აკადემიურ მნიშვნელობაში… სიკეთესა და ბოროტებას შორის საზღვრის ვერამოცნობაში მდგომარეობს და არა მის (განათლების) საყოველთაოდ მიღებულ მნიშვნელობაში. ამ ხალხს უბრალოდ შეგრძნების(!) დონეზე არ ესმის კარგსა და ცუდს შორის განსხვავება და თავიანთ ძალაუფლებასაც იმ ადამიანებში თესავენ, რომლებმაც თავის მხრივ ასევე არ იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი!.. ან იციან და, როგორც ზემოთ ითქვა, შიშს ნებდებიან… რაც ცოტა უფრო სხვა გადმოსახედიდან იგივე უცოდინრობაა!
და ბოლოს… ტრაგედიაა როცა სახელმწიფო მის, ასე ვთქვათ გაუმჟღავნებელ ფირს, მის ნეგატივს, გარკვეულწილად გამჟღავნების საშუალებას აძლევს და მასთან გარკვეულ თანამშრომლობასაც კი თანხმდება… ტრაგედიაა, როცა სახელმწიფო ვერ ათვითცნობიერებს თუ შიშის რამხელა დოზით გამოფრქვევას უწყობს საზოგადოებაში ამით ხელს!.. ორმაგი ტრაგედიაა, როცა სახელმწიფო ამას აცნობიერებს და მიზანმიმართულადაც კი აკეთებს… ტრაგედიაა როცა შიში მართვის ინსტრუმენტი ხდება!..
და მაინც… ყველაზე დიდი ტრაგედია გაუნათლებლობაა!.. თუმცა ამ შემთხვევაში მისი ყველაზე გავრცელებული, აკადემიური მნიშვნელობით: ტრაგედიაა, როცა სახელმწიფოს განაგებენ და წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ისტორიას არ იცნობენ… რომლებმაც არ იციან, რომ შიშის თესვასა და მის განვრცობას ყოველთვის… ყოველთვის ერთნაირი დასასრული აქვს!
ვასო შონია