ანი გაბეჩავამ, რომლის დაბადების დღე ტრაგედიით დასრულდა, მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, პოლიციას მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმ ტაიმ ნიუსს” ანი გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ დაუდასტურა.
“მივმართეთ მცხეთის პოლიციას რომ დაცული იყოს ამ ბავშვის უსაფრთხოების გარანტიები. შევიტანეთ საჩივარი და ამ დღეებში, გამოვცხადდებით გამოკითხვაზე. მუქარა, შეურაცხყოფა – ყველაფერი ხორციელდებოდა მის მიმართ, როგორც ტელეფონზე, ასევე სოციალურ ქსელში, ამიტომ აუცილებლად უნდა მოგვეხდინა რეაგირება ამ ფაქტებზე.
ახლა უკვე ტელეფონი აღარ აქვს, ოჯახმა ჩამოართვა, ამ ეტაპზე მოწყვეტილია სოციალურ ქსელს და ტელეკომუნიკაციას” – აღნიშნა ადვოკატმა.
ანი გაბეჩავას უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაცვა მოითხოვოს.
“ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, მაგრამ თუ გაგრძელდა ეს მუქარები, მოვითხოვთ გამოყენებული იქნას შემდგომში დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რადგან დაცული იყოს მისი უსაფრთხოება” – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ცნობისათვის, ანი გაბეჩავას შესახებ სოციალურ ქსელში ბულინგის შემცველი კომენტარები გავრცელდა. რამდენიმე ტელეკომპანიამ 18 წლის ანი გაბეჩავას ჩვენება გაავრცელა – სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყო ახალგაზრდებს შორის ჩხუბი, რასაც მოგვიანებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე ძალადობა მოჰყვა.