ანი გაბეჩავამ მედიაში გავრცელებული მასალების გამო, პოლიციში საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე “Report.ge”-სთან საუბრობს.
ადვოკატის ინფორმაციით, გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და მისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენაც კი გახდა საჭირო.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა, არის ძალიან მძიმე და იმყოფება დიდი ფსიქოლოგიური ქვეშ. პირველ რიგში, ის განიცდის, რომ ეს ბავშვი მის დაბადების დღეზე გარდაიცვალა და ამას ემატება, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიღებული საზოგადოების რეაქცია. ამ ეტაპზე, ჩართულია ფსიქოლოგიც, რადგან მდგომარეობა არის უმძიმესი. ზოგადად, შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან, მაქსიმალურად თანამშრომლობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მას, უკვე მიცემული აქვს ჩვენებაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწყებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებზე, ჩვენ უკვე მოვახდინეთ რეაგირება და მივმართეთ მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს. სამართალდამცველებისგან ვითხოვთ, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოფილი იქნას ანი გაბეჩავას უსაფრთხოება” – განუცხადა უფლებადამცველმა ლიკა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანი გაბეჩავას შესახებ სოციალურ ქსელში ბულინგის შემცველი კომენტარები გავრცელდა. რამდენიმე ტელეკომპანიამ 18 წლის ანი გაბეჩავას ჩვენება გაავრცელა – სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყო ახალგაზრდებს შორის ჩხუბი, რასაც მოგვიანებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე ძალადობა მოჰყვა.