“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია საარჩევნო კოდექსში ქალთა კვოტირების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ კაპანაძემ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, შემოთავაზებული კვოტირების სისტემით საზოგადოებაში ქალების დისკრიმინაციისა და მათი პოლიტიკაში ნაკლებობის პრობლემა არ გვარდება.
„ამ შემოთავაზებული კვოტირების სისტემით ის მთავარი პრობლემა, რაც არის საზოგადოებაში, ქალების დისკრიმინაცია ან მათი ნაკლებობა პოლიტიკაში, არ გვარდება. საკითხი ძალიან მარტივადაა. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება პრობლემის სათავესთან ბრძოლა და არა ასეთი ხელოვნური, დროებითი ზომების შემოღება. ბევრი ქვეყანა ვიცი, სადაც კვოტები არსებობს. მათ შორის, რუანდა და სხვა ქვეყნები.
ოღონდ, პრობლემები არ გვარდება პარლამენტში ქალების რაოდენობის ასე ხელოვნურად ზრდით. რაც არის შემოთავაზებული, ამ სისტემით კვოტები არ ვრცელდება მაჟორიტარებზე. უბრალოდ, ეფექტის არმქონე იქნება ეს ცვლილებები. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ ამას არ უჭერს მხარს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად, გენდერული კვოტირება სავალდებულო ხდება და პარტიების მიერ წარმოდგენილ პროპორციულ სიაში ოთხში ერთი განსხვავებული სქესი უნდა იყოს.