ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

კიდევ 1 თვით ჩაკეტილი საზღვრები – ზედმეტი სიმკაცრე, რომელიც ქვეყანაში ბიზნესს კლავს

ეკონომიკის სამინისტროს წერილი “მეტრონომს”: “ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოლაპარაკების დეტალები გავასაჯაროოთ”

ევროკავშირის საბჭომ არაწევრი ქვეყნების ოფიციალურ სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც 1-ელი ივლისიდან საზღვრებს ხსნის. ამ ქვეყნების სიაში საქართველოცაა, რომელიც ევროკავშირმა “მწვანე ზონად” გამოაცხადა. სიაში 15 ქვეყანა მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ მათთან ევროკავშირი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, სასაზღვრო შეზღუდვები მოხსნან. საზღვრები კი იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ  ორმხრივი მოლაპარაკება შედგება და სიაში მოხვედრილი ქვეყნებიც გაუხსნიან საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს. დღემდე ხელისუფლების მხრიდან რაიმე კონკრეტული გეგმა არ ჩანს. სხვადასხვა უწყებებიდან მხოლოდ ზოგადი შინაარსის ფრაზები ისმის და მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის გარეთ გასვლა და საქმიანობის წარმოება მხოლოდ ის იციან, რომ ფრენები, სავარაუდოდ, 1 აგვისტოდან უნდა განახლდეს. თუმცა, როგორ, სად და რა სახის რეგულაციებით, ისევ უცნობია.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებას უკვე გეგმავდა, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული მიმართულებებით რეგულარულ ფრენეზე დაწესებული შეზღუდვებიც უნდა მოხსნილიყო და მეტიც, 1 ივლისამდე, ხუთი დღით ადრე მოსახლეობას უნდა ცოდნოდა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც შესაძლებელი გახდებოდა ფრენების დაწყება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მთავრობა მზად არ იყო.

დაჯავშნის სისტემაში მოქალაქეებმა ავიაბილეთებიც კი შეიძინეს და გასამგზავრებლად სრულ მზადყოფნაში იყვნენ. თუმცა, საზღვრების გახსნაზე ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა.

ფრენების შეზღუდვის გადაწევაზე მთავრობის წარმომადგელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე ორმხრივი მოლაპარაკებები ამ დრომდე ვერ შედგა და შესაბამისად, ფრენები პირველი ივლისიდან ვერ განახლდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ სზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. “მეტრონომმა” ამ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს მაშინვე მიმართა და მოითხოვა იმ ქვეყნების სიას გაცნობოდა, რომლებთანაც მთავრობა ამ დრომდე მოლაპარაკებებს აწარმოებს და გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე საზღვრებს უხსნიდა. თუმცა, ძალისხმევის მიუხედავად, გამოცემამ სიის მოპოვება ვერ შეძლო. ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობამ ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა, ამ უკანასკნელმა – ისევ ეკონომიკის სამინისტროში და გამოცემის კითხებზე პასუხებს ორივე უწყებამ თავი აარიდა.

ფრენების აღდგენის გადადების საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნებოდა შეთანხმებული ევროკავშირთან და საზღვრების გახსნაზე არსებული შეზღუდვების გადავადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროპულ სივრცეს მოწყვეტილია.

“საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროპის სივრცისგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი არის სრულად გაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენ არ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებიდან მეორე დღეს ევროკავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არაწევრ ქვეყნების ნაწილთან, მათ შორის საქართველოსთან პირველი ივლისიდან საზღვრებს ხსნის. ამის შემდეგ უფრო ბვვრი კითხვა გაჩნდა,  კერძოდ,  თუ ევროკავშირი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნას, თავად საქართველოს მთავრობა რატომ აცხადებს უარს ევროკავშირის მოქალაქეების მიღებასა და შესაბამისად, ტურიზმის გახსნაზე?! ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თანახმად, საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გადავადებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მხარე არ მიიღებდა ევროკავშირთან შეუთანხმებელად, მაშინ  ჩნდება კითხვა, თუ ქართულ მხარესა და ევროკავშირს ჰქონდათ კონსულტაციები, ეს ნიშნავს, რომ  საქართველოს ექნებოდა ინფორმაცია საზღვრის გახნსაზე ევროკავშირის მოსალოდნელი გეგმის შესახებ, მაშინ უფრო გაუგებარია, რატომ გამოაცხადა ქართულმა მხარემ ფრენების კიდევ ერთი თვით გაჩერების შესახებ?!

გამოცემამ ამ კითხვებით კვლავ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ არაერთი განხორციელებული ზარის მიუხედავად უწყებიდან განმარტება არავინ გააკეთა. ამის შემდეგ საქალაქო ავიაციის სააგენტოს დავუკავშირდით, რომელიც ეკონომიკის ბაზაზე ფუნქციონირებს. როგორც სააგენტოში განმარტეს, ამ ეტაპზე მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება, ხოლო პირველი აგვისტოდან დაიწყება თუ არა რეგულარული ფრენები, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

“ჯერჯერობით ჩვენ ოფიციალური განცხადებებიდან როგორც ვიცით, შეზღუდვა გახანგრძლივებულია 31 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაზე სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას პერიოდულობით ვაქვეყნებთ. აღდგება თუ არა პირველი აგვისტოდან, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე როგორც ქვეყანაში, ისე ფარგლებს გარეთ.  ივლისში 14 ჩარტერულ ფრენაა ჩანიშნულია, რომლითაც შეუძლიათ მგზავრებმა ისარგებლონ. ამ ჩარტერულ რეისებს ახლა “Georgian Airways” ასრულებს,” – აცხადებენ ავიაციის სააგენტოში.

სპეციალური ნებართვის საფუძველზე უკვე ჩანიშნული ჩარტერული რესისების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ როგორც ავიაციის სააგენტოს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ხოლო, ჩარტერული რეისით სარგებლობა შეუძლია ყველა პირს, რომელიც პირადი თუ ბიზნეს საქმიანობისთვის ჯავშნის თვითმფრინავს კონკრეტული მიმართულებით.

რაც შეეხება რეგულარულ ფრენებს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი განცხადებიდან ირკვევა, იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე მზად არიან, უკვე ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საბოლოოდ, იგივე პასუხი მივირეთ ეკონომიკის სამინისტროსგანაც. როგორც უწყებაში განმარტეს, საქართველოს მხარე აგრძელებს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს, რათა აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, მათთან კოორდინაციით ეტაპობრივად და შეთანხმებულად მოხდეს, მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ  უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება ორივე მიმართულებით. როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენებია შენარჩუნებული. რაც შეეხება ფრენების განახლებას ევროკავშირის ქვეყნებთან, ჩარტერებს მიეცა საშუალება, შეასრულოს კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით, ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საქართველოდან დაშვებულია ჩარტერული რეისების განხორციელება სამი ევროპული ქალაქის – ბერლინის, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან დამატებით ავიარეისების აღდგენის თაობაზე და კონკრეტული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უცვლელი რჩება პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ითვალისწინებს,” – განუმარტეს “მეტრონომს” უწყებაში.

კითხვაზე,  არსებობს თუ არა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც აქამდე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, ან რომელი ქვეყნებია, რომლებთანაც ვერ შედგა ორმხრივი მოლაპარაკება, ამაზე გვიპასუხეს, რომ მოაპარაკების დეტალებს ვერ გაასაჯაროვებენ.

“მოლაპარაკებები ე.წ. „მწვანე დერეფნების“ შესახებ მიმდინარეობს არაერთ ქვეყანასთან, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოლაპარაკების დეტალები გავასაჯაროოთ,”- განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროსგან კითხვებზე საზოგადოებისთვის გასაგები და კონკრეტული პასუხები მაინც ვერ მივიღეთ. ორმხრივ მოლაპარაკებებსა და ფენების განახლებაზე პასუხისმგებელი უწყებები ზოგად განმარტებებს იძლევიან, რაც მოქალაქეებისთვის სრულიად გაუგებარია და კიდევ რჩება კითხვა, როდის დაიწყებს, ან თუ დაიწყებს, რომელ ქვეყნებთან დაიწყებს საქართველო საჰაერო მიმოსვლას?!

გარდა ამისა, მოლაპარაკებების წარმოება ნიშნავს თუ არა იმას, რომ პირველი აგვისტოდან ნამდვილად განახლდება საჰარო მიმოსვლა, ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე არცერთ ოფიციალურ წარმომადგენელს არ გააჩნია. ხოლო, საზღვრების კიდევ ერთი თვით ჩაკეტვა რა შედეგს გამოიღებს საქართველოს ეკონომიკაზე, ამაზე მთავრობაში ნაკლებად საუბრობენ და აცხადებენ, რომ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

მართალია, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია და ხელისუფლების მოქმედებებიც შესაბამისი რომ უნდა იყოს, ამაზე არავინ დავობს, თუმცა პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით  საუკეთესო ეპიდსიტუაციით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიციას ბევრი უკვე ზედმეტად მკაცრ დამოკიდებულებად მიიჩნევს. ქვეყანაში, სადაც ყოვედღიური ინფიცირების შემთხვევები 3-4 შეადგენს, სადაც თავად ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საშიშროება არ არსებობს, უფრო ბუნდოვანია, რატომ ამბობს ხელისუფლება უარს არსებულ შესაძლებლობებზე, რომ მიიღოს ტურისტი და მოქალაქეებს გაუჩინოს შემოსავალი?! მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პრემიერი-მინისტრისგან მუდმივად გვესმის, რომ საქართველოს აქვს შანსი, პანდემია გლობალურ კონკურენციაში შესაძლებლობად გამოიყენოს, არსებული სიტუაციიდან კი ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა პირიქით იქცევა და შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს, შესაბამისად, მოქალაქეები უბრალოდ მოტყუებულები რჩებიან და რაც მთავარია, ბიზნესმენები, რომლებსაც ქვეყნის გარეთ უწევდათ სამიაქნობის წარმართვა გაუსაძლის მდგომარეობამდე არიან მისული. ქვეყანაში ბიზნესი სავალალო მდგომარეობაშია, რაც პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტს, საბოლოოდ კი ყველაფერი რიგითი მოქალაქეების ჯიბეებზე ისახება.

თათა შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....