თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს. ამ განცხადებით შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ძველ და ახლა ოპოზციას შორის განსხვავება გამოჩნდა.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილს არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გათავისუფლება.
„ახალი ოპოზიცია – კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა დღეს ეს ფრაზა გააჟღერა, იმედია გააზრებულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს. ქვეყანამ ჯერ 2012 წელს გადადგა წინ უდიდესი ნაბიჯი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან და კიდევ უფრო წარმატება იქნება 2020 წელს თუ ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს მათ!
მართალია ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან სიზმარშიც ვერ იოცნებებს რომელიმე მმართველი ძალა ისეთ ოპონენტზე, როგორიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს. ამასთან, გაირკვა, რომ არც მორალური შეუთავსებლობა აქვთ. გასაგებია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გათავისუფლება მათი სურვილი რომ არ არის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ხალხის არჩევანი და ამას გააკეთებს ისევ და ისევ მისი აღმატებულება, ქართული საზოგადოება.
ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღის პოლიტიკური შეჯამებიდან, ვიდრე ის თამაშები, რომელიც დაპირების შეუსრულებლობით დაიწყო და ნაძალადევი აღფრთოვანებით დასრულდა“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.