ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ არ დავიცავთ წესებს, ვირუსი ისევ გავრცელდება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, , ვირუსი კვლავ გავრცელდება. მისივე თქმით, ძველებურად მკაცრი შეზღუდვები არ იმოქმედებს, თუმცა არც ის იქნება სასიამოვნო საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ იყოს ჰოსპიტალიზებული.

„როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა მობილობა ადამიანების, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მე მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მასში ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ, დღეს რჩება ერთი – ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. შეზღუდვები ამას, ალბათ, ნაკლები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 928 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 794 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის 15 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2809 პირი იმყოფება, სტაციონალში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

 

იტვირთბა....