ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი გახდა 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული სპორტსმენების ჩვენებათა შინაარსი

“მთავარმა არხმა” გაავრცელა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები.

როგორც ჩვენებებშია ნათქვამი, დაპირისპირება დაბადების დღეზე არასერიოზული მიზეზით დაიწყო.

არასრულწლოვნის ჩვენება:

გადმოვკვეთეთ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი თბილისის მიმართულებით და განვაგრძეთ გზა, რა დროსაც შევხვდით ამავე მიმართულებით მიმავალ ნახსენებ წვეულებაზე გაცნობილ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ვახტანგ ახვლედიანს და გიორგი შაქარაშვილს. მე და ლ. შ-მ კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები რადგან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და  გაგვერკვია მანამდე  მომხდარი შეხლა -შემოხლის ამბავი. ამავდროულად ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლ.შ.ს-თან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან ჩემი აზრით იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლ-ს ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ“, – ნათქვამია არასრულწლოვნის ჩვენებაში.

გიორგი ქათამაძის ჩვენება:

„უკნიდან წამოგვეწია ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებმაც გვითხრეს, რომ სურდათ მომდევნო დღეებში ჩვენთან შეხვედრა და საუბარი და გვითხრეს რომ მიგვეცა ტელეფონის ნომერი რათა დაგვკავშირებოდნენ.

ვინაიდან იმ მომენტში მათთან საუბრის სურვილი არ მქონდა, ვუკარნახე ჩემი ნომერი რათა დაენებებინათ თავი და გავაგრძელეთ გზა“.

გზა ხიდის ბოლომდე ფოტოგრაფ ბრეგვაძეს ტელეფონით ჰქონდა გადაღებული, მასალა კი პროკურატურამ 2 დღის წინ გაასაჯაროვა. გიორგი ქათამაძის ჩვენებით, სწორედ ხიდის ბოლოს წამოეწია მათ ვერცხლისფერი მანქანა, რომლის მგზავრებმაც ის და მისი ორი მეგობარი სცემეს.”

ნიკა ჟვანიას ჩვენება

„ნ.ც-მ და  მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ მათ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ყოფნისას ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად, რადგან მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე. ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა,  რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ. და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი.

ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან, ერთ-ერთს რომელს არ მახსოვს, ტელეფონზე დაუკავშირდა გ.მ. და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას, თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს  განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისინი კიდევ ეცემათ და გვთხოვეს რომ მივსულიყავით მათთან.

გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან, გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში დაჯდომისთანავე შევნიშნე იქ.

ჩვენს თანმხლებებთან ერთად  მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც ახლოდან გავარჩიე, რომ იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი, მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს. ამასობაში ჩემთან მყოფმა, ნ.ც-მ  და მისმა თანაკლასელებმაც მოირბინეს და დაუწყეს ცემა იმ პიროვნებას, რომელსაც მე მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი“.

გიგა ტატიაშვილის ჩვენება

„გზაზე შემხვდნენ ჩემი კლასელები, მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ, ისინი ვინც სცემეს ჩემი კლასელები. რაზედაც ჩემს მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი.

მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზედაც გავხდი იძულებული მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა ჩემი მგზავრები გადმორბოდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით.

რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი დაარტყა, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც  გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და  ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა. მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ყველა ერთად წამოვედით ქ.თბილისში.”

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....