ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიორგი ჩხუბში არ ჩარეულა, სახლში ქეიფობდა…” – ანი გაბეჩავას ჩვენება

გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით, სახლში ქეიფობდნენ – ამის შესახებ, 18 წლის ანი გაბეჩავამ განაცხადა.

მისი ჩვენების მიხედვით, დაბადების დღეზე ჩხუბი იუბილარის მეგობრებს, კლასელებსა და უბნელებს შორის მოხდა.

“როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ვინ ვის ურტყამდა, კონკრეტულად არ დავკვირვებივარ, ვცდილობდი გაშველებას, სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა დაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა, საბა ჩხარტიშვილმა. წამოუვიდა სისხლი.

ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვის სცემა, მე არ დამინახავს, თუმცა, დანამდვილებით გეტყვით, რომ ძლიერად იყო ნაცემი, გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ.

გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით, სახლში ქეიფობდნენ.

მას შემდეგ, რაც სახლში შევედი, ვიყავი ანერვიულებული. ვტიროდი, მეგობრებმა შემომთავაზეს, წავსულიყავი ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი, რაზეც დავთანხმდი”. – წერია გაბეჩავას ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....