„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქუჩური გარჩევები ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და ეს ყოველთვის მოხდება.
„ქუჩაში ჩხუბი ახალგაზრდებს შორის, შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება, პრობლემა იქნება, დანაშაულიც მოხდება, სამწუხაროდ. კაცობრიობის პრობლემაა დანაშაული და ჩვენ ახლა ვსვამთ კითხვებს ზოგადსაკაცობრიო პრობლემასთან დაკავშირებით: რატომ ვერ ხდება რაღაცების მოგვარება? ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ 10 წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის, 20 წლის წინ უფრო უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე 10 წლის წინ. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელშიც არ არის პრობლემა, ვთქვათ, არასრულწლოვნები არ ეჩხუბებიან ერთმანეთს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.