“გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი”, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ განცხადებას: „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.
ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარეზეა რუს ოლიგარქთან წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი რჩება მის ლობისტად და კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ერთი წლის წინ ქართველი ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას. ხოლო შემდეგ ამართლებდა თვალთხარია გახარიების დანაშაულებრივ მოქმედებას. ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან, ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი.
თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ გერმანიას აკისრია უდიდესი ვალდებულება, რომ ჩვენ დღემდე არ გვიღებენ ნატო-ში, რის გამოც რუსეთმა გაბედა ომი და ტერიტორიების წართმევა. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე სათანადო შეფასება არ არის მიცემული ევროპაში საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციისთვის და კვლავ აგრძელებს ბერლინი რუსეთთან ჩახუტებას. თუ ასე უყვარდა რუსეთი ბერლინს, რაღას ატეხეთ მეორე მსოფლიო ომი და რაღაზე გაგვიწყვიტეთ 400 ათასი საჯიშე ქართველი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.