სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “მთავარი არხზე” გასულ სიუჟეტის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით ჟურნალისტი ნინო ჭელიძე დაკითხვაზე დაიბარა.
საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟის საქმეს. რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები უკვე დაკითხა.
როგორც ნინო ჭელიძემ “მეტრონომს” განუცხადა, სუს-იდან გუშინ დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკითხვაზე მისი “ფეისბუქ” სტატუსის გამოა დაბარებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
“სხვა დეტალები არ ვიცი. ახლა შევდივარ დაკითხვაზე. დამირეკეს გუშინ, მითხრეს რომ პოსტის გამო ვარ დაბარებული,” – განაცხადა ჭელიძემ.
გამოძიება ნინო ჭელიძის 21 ივნისს გამოქვეყნებული სტატუსით დაინტერესდა, რომელიც სამედიცინო დიაგნოზის გაყალბებასა და კორონავირუსის სიკვდილიანობის სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას უკავშირდება. სტატუსს, სადაც ჟურნალისტი კითხულობს, ვინმეს სჯერა თუ არა, რომ გარდაცვლილის ოჯახს სახელმწიფო დიაგნოზის გაყალბებაში თანხას უხდის, გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.
ხათუნა სამნიძემ კომენარის სახით დაწერა, რომ ის იცნობს ოჯახს, რომელსაც ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების დიაგნოზში კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს.
“მეტრონომმა”ხათუნა სამნიძესთან ინფორმაცია გადაამოწმა, ნამდვილად იცნობს თუ არა ასეთ ოჯახს და ამ საკითხზე ისიც ხომ არ დაიბარა სუს-მა.
“დაბარებული არ ვარ ჯერ. გუშინ ღამით დამირეკეს, მითხრეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტერესდებოდა ჩემი პოსტით. მიიღეს პასუხი, რომ მე რა პოსტი მექნება, ეს არაა სუს-ის საქმე. პოსტებს იხილავენ, რაც არაა მათი საქმე. თუ დაკითხვა უნდათ, ოფიციალურად უნდა მომმართონ და არა ტელეფონზე დამკითხონ. გავთთიშე ტელეფონი, მეორედ დარეკეს და მიიღეს პასუხი ელენე ხოშტარიასგაან უკვე. ამის მერე აღარ დაურეკიათ და დღეს მითხრეს ჟურნალისტებმა, რომ სუს-ის პრესსამსახურმა როგორც თქვა, ეს იყო გაფრთხილება და დაბარებაზე უწყებას დღეს მიიღებსო, მაგრამ ჯერ არაფერი მიმიღია,”- აცხადებს სამნიძე.
სამნიძე საუბარში იმასაც ამბობს, რომ სუს-მა გამოძიება პოლიტიკოსების სტატუსებისა და მათი დაკითხვაზე დაბარებებით არ უნდა წარმართოს.
“სუს-მა უნდა გამოიძიოს ის, რომ კონკრეტულმა ჩინოვნიკმა დაარღვია კანონი და არა “ფეისბუქ” პოსტებს სდიოს. ეს გამოძიებას კი არ უკავშირდება, ეს უკავშირდება კალაძის გუშინდელ ჩართვას. ვინმე თუ გაბედავს განსხვავებული აზრის გამოხატვას, მთელი სახელმწიფო იმუშავებს ამის წინააღმდეგ,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ხოლო, კითხვაზე, გამოძიებას მიაწვდის თუ არა ინფორმაციას იმ ოჯახის ვინაობის შესახებ, რომელსაც სახელმწიფომ თანხის სანაცვლოდ სამედიცინო დიაგნოზის შეცვლა შესთავაზა, აცხადებს, რომ ის იმ ოჯახის ვინაობის დასახელებას არ აპირებს და ამის ვალდებულება არ გააჩნია.
“მე ვიცი, რომ ერთ-ერთ ოჯახს თანხის გადახდა შესთავაზეს დიაგნოზის გასაყალბებლად და უარი მიიღეს. დიახ, მე ვიცნობ იმ ოჯახის წევრს, ვისაც შესთავაზეს. ამ ოჯახს არ გადაუწყვეტია, ამაზე ილაპარაკობს. მე არ მომიწევს ამ ოჯახის დასახელება, არ მაქვს ვალდებულება, ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ,”- აცხადებს პარტიის ლიდერი.
მასალის მომზადების პროცესში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხათუნა სამნიძე მოწმის სტატუსით უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” სუს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამნიძე დღის განმავლობაში დაიკითხება.
“ფეისბუქ” სტატუსის გამო სუს-ში დაბარებას გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. ჟურნალისტებთან საუბრისას კილაძე ამბობს რომ სუს-მა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ განცხადებაზე, სადაც იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები.
შეგახსენებთ, “მთავარ არხზე” გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10000 ლარამდე) სთავაზობენ.
იხილეთ ნინო ჭელიძის სტატუსის “სქრინი”
“მეტრონომი” აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს.
თათია შაიშმელაშვილი