„ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში იკითხება.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან სუს-ში შესვლამდე განაცხადა, მისთვის უცნობია, გამოძიებას რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს.
კილაძე უკრაინელ ჟურნალისტ ოლეგ დეინეკასთან კომუნიკახციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, სუს-ი ამ ფაქტით დაინტერესებულიყო.
“ოლეგ დეინეკა დამიკავშირდა მე 6 მარტს. მითხრა, რომ ქართულ-უკრაინულ მედია პროექტთან დაკავშირებით მას ჩემთან კომუნიკაცია უნდა. სულ ორი წინადადებით ვისაუბრეთ. მოგვიანებით ვნახე ეს მესიჯი. 3 მაისს ვუპასუხე და მივეცი ჩემი საკონტაქტო ნომერი, თუმცა მას შემდეგ ის ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. გაბუნიას პოლიტიკურ გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს. რა თქმა უნდა არანაირი ანტიპუნისტური ორგანიზაციის ან მოძრაობის კოორდინატორად, სპიკერად ჩემს თავს არ მოვიაზრებ.
ახლა მგონია, რომ ახალი ვერსიაა შემოთავაზებული. ეს უკრაინელი ჟურნალისტი პრორუსული ორიენტაციის არის. უკრაინაშივე დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებდა. მგონია, რომ მისი მეშვეობით ხდება რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ისრების გადატანა კადიროვიდან აბსოლუტურად სხვა ვერსიაზე“, – განაცხადა ელისო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ (Новини України) დირექტორმა ოლეგ დეინეკამ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხდვითაც, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას “ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ.
ამასთან, ელისო კილაძემ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიებამ ის დაკითხვაზე დაიბარა. გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე სუს-ში უკვე დაიკითხნენ “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და თავად გიორგი გაბუნიაც.