საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ (Новини України) დირექტორი ოლეგ დეინეკა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ოლეგ დეინეკამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, გიორგი გაბუნიას “ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ.
მისი ცნობით, თებერვალში იგეგმებოდა გიორგი გაბუნიასთან ერთად პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება, რათა ამ ქვეყნების საზოგადოებისთვის ის წარედგინათ და გაეცნოთ, როგორც მომავალი პოლიტიკური ლიდერი.
„ჩვენ მოვისმინეთ გავრცელებული ჩანაწერი და შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გაბუნიას საქმე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ გახდებოდა ცნობილი .
11 თებერვალს გარკვეულმა ადამიანებმა, რომლებსაც ახლა არ დავასახელებ, და დიპლომატებმა გვთხოვეს, რომ გიორგი გაბუნიასთან ერთად პოლონეთსა და ლიეტუვაში გავმგზავრებულიყავით. ეს ადამიანი ახალ პოლიტიკურ ლიდერად უნდა წარმოეჩინათ. თუმცა, კორონავირუსმა კორექტივები შეიტანა და მოლაპარაკებები შეჩერდა.
მაგრამ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და მას მოჰყვა სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერი, ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი ეჭვები, რომ პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება უნდა ყოფილიყო გაბუნიას, როგორც ანტირუსული მოძრაობის ახალი ტალღის ლიდერის სარეკლამო კამპანია.
შემოდგომაზე ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან, არჩევნები უნდა გაიმართოს და სავარაუდოდ, ოპოზიციას ეს დაგეგმილი მკვლელობა თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.