ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვსდექით საზოგადოების წინაშე. 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება ბიზნესს. ადრე 20- ლარიანი საფასური იყო. რიგ შემთხვევაში ეს ბიზნესს არ უღირდა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა. ჯამში შეიძლება ამხელა ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, კვების ობიექტებს, რომელთაც მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, შეეძლებათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი.
,,ადრე თუ მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ჩვენ გავუუმჯობესეთ მდგომარეობა, ვენდობით და მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ ეს საქონელი. და ასევე, ბუნებრივი დანაკარგები ვისაც აქვთ, ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც ვისაც აქვს მოწესრიგებული აღრიცხვა, მთლიანი შემოსავლის 1 პროცენტამდე ვენდობით და შეუძლიათ გაატარონ ეს დანაკარგი ხარჯში ისე, რომ არ დაბეგრონ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიებისთვის 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური ამ დრომდე 20 ლარს შეადგენდა.