სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის დაკითხვა დასრულდა.
როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სუს-ს კითხვები შაბათს „ტვ პირველის” ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ჰქონდა, თუ როგორ მოიპოვეს არსებული დოკუმენტები და ვინაა მათი წყარო.
მელაძის თქმით, გამოძიებას ასვე აინტერესებდა, საიდან გაიგო მან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ და ეს ინფორმაცია მას თავად “მთავარი არხის” ჟურნალისტისგან ხომ არ ჰქონდა.
“კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა, როდის გავიგე, რომ გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგისგან. ან ხომ არ გვისაუბრია მანამდე ამ თემაზე. ამ თემასთან დაკავშირებით პირველად მე ეს ინფორმაცია გავიგე ნიკა გვარამიას ბრიფინგიდან.
მელაძის ცნობით, გამოძიება დაინტერესდა, ტელეკომპანიას ისევ გააჩნია თუ არა ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტები.
“სუს-ს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ, თუ ვინმემ ხომ არ დაგვავალა ან გვთხოვა მისი მომზადება. მათ აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული დოკუმენტები ისევ. ამაზე ვუპასუხეთ, რომ წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სიუჟეტის მომზადების შემდეგ დოკუმენტების პირველადი სახით აღარ ინახება,”- აღნიშნა მელაძემ.
ამასთან, როგორც მთავარმა პროდიუსერმა განაცხადა, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ დაკითხვიდან სუს-მა მისი ჟურნალისტური გამოძიებიდან ბევრი ახალი ამბავი გაიგო.
“სუს-ს აინტერესებდა, კიდევ ხომ არ ინახება დოკუმენტები, რომლის გასაჯაროვებასაც ვგეგმავთ და რომლის მიხედვითაც ვაპირებთ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას ამ თემაზე. ჩვენ გამოძიების მეორე სერიას, დიდი იმედი მაქვს, რომ შაბათს ვნახავთ ეთერში. ამ გამოძიებაში არის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი.
დაკითხვის შინაარსიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ რეპორტაჟიდან მათ ბევრი ახალი ამბავი გაიგეს. ყველა კითხვაზე არის პასუხი. ჩვენ ჟურნალისტებს კანონი გვაძლევს უფლებას, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ არავის ჩვენება.
“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაითხვაზე ადვოკატთან ერთად მიდიდა. ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაიბარეს.
შეგახსენებთ, TV პირველმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც გამოჩნდა გარკვეული დეტალები, თუ ვინ არის ასლანბეგ ბოკოევი, რომელიც ქართველ სამართალდამცველებმაჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.