“ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ისევ მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ შეურაცხყოფაზე და ის უნდა იქნას გამოყენებული”. – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
შერინი დარწმუნებულია, რომ ეს იყო გაბუნიას პირადი მოსაზრება და საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. მისი თქმით, ქართველებს კარგად ესმით, რომ მათი ქვეყნის შემოსავლის დიდი ნაწილი რუსი ტურისტების აქტიურობით მოდის.
“გაბუნიას ასეთი ქცევა არ ალამაზებს არც ქართველ ჟურნალისტებს და არც ქვეყნის ხელისუფლებას. თუკი ადგილობრივი კანონებით ვერ ხდება ჟურნალისტის დასჯა, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი, რუსული კანონმდებლობით” – განაცხადა შერინმა.
შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ პირველად შეურაცხმყოფელი სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შარშან, პირდაპირ ეთერში იხმარა, რასაც როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ქართველმა სამართალდამცველებმა დაააკავეს რუსეთის მოქალაქე ასლანბეგ ბოკოვი, რომელიც გაბუნიაზე თვალთვალს ახორციელებდა. გამოძიება მიმდინარეობს და არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია ქვეყნის გარედან იგეგმებოდა. სახელდება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც გაბუნიას შარშანდელი გამოსვლის შემდეგ, მკაცრი განცხადებები გააკეთა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები ისევ იხმარა, რაც გახდა კიდეც რუსეთის დუმის გაღიზიანების მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გაბუნიას, თავის ვიდეოგამოსვლაში მხარი დაუჭირა რუსმა ჟურნალისტმა იური გიმეფარლდმა, რომელმაც პუტინს მშიშარა უწოდა.