დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, თუმცა რა იქნება 4 თვეში, ამის პროგნოზირება ძნელია.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს.
“დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა და მასში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს თავის რეკომენდაციებს მისცემს. დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. დღეს მრავალჯერ დაისვა კითხვა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამაზე ჩემი პასუხია, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია. ზოგადად, გლობალურად სიტუაცია არ მშვიდდება. ამიტომ საქართველოს მონაცემები თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ,”- განაცხადა გამყრელიძემ.