მცხეთის პოლიციასთან საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ინფორმაციის გასარკვევად მივიდა.
როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, გიორგი შაქარაშვილი თავს სადმე აფარებდეს.
„ყველა ერთად განვიცდით. ვცდილობთ და იმედი გვაქვს, გიორგი გამოჩნდება. პირველი საზრუნავი ახლა ეს არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოვნებს, რომ ყველაფერს აკეთებენ მის მოსახებნად. გამოძიების დეტალები არ ვიცი. მოვედი, რომ გამეგო ინფორმაცია. ყველას აქვს იმედი, რომ გიორგი გამოჩნდება. არის ასეთი შემთხვევები, რომ ამ ასაკის ადამიანებს კონფლიქტის შემდეგ აქვთ ხოლმე შიში, მორიდება და შეიძლება, სადღაც არის, თავს აფარებს. მინდა, ვთხოვო, რომ გამოჩნდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. ახლა მთავარი საზრუნავია, რომ გიორგი ვიპოვოთ. იმედი გვაქვს, რომ გიორგი ცოცხალია. არ გამოკვეთილა მიზეზი, რომლითაც შეიძლება, დადგინდეს, რომ რაღაც უბედური შემთხვევა მოხდა“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე უკვე მესამე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღების თანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.