საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
“მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.
მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ.
სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს.” – განაცხადა თალაკვაძემ.