ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის მერმა მაია ბითაძეს ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრების დამონტაჟების საკითხის მოკვლევა დაავალა  

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება, რაც მუნიციპალურ ავტობუსებზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამაგრებას გულისხმობს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, ფეხით და ველოსიპედებით მოსიარულე მოქალაქეებია.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შესაბამისი განვითარების გეგმა წარვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება, ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ჩვენს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს  პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და მოძრაობდეს შეზღუდვების გარეშე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არა კერძო ტრანსპორტი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს“, – განცახადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ მოიკვლიოს ავტობუსებზე ველოსიპედების დამაგრების საკითხი და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს.

„დედაქალაქში ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება, ჰყავს ბევრი მომხმარებელი. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა მხარეს სპეციალური სამაგრების საშუალებით, ველოსიპედები დაუმაგრდეს. ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს, დაამაგრებს ავტობუსზე, ავა ტრანსპორტში და A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილებას შეძლებს. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და ავტობუსებზე მათი დამაგრება ეტაპობრივად დავიწყოთ, რათა ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....