ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არ ჰგავს! დღეს გახსნისას ფოტო არ გადავუღე. ისე დგას, მთელი დღის მანძილზე ბიუსტს კონტრაჟურში აქვს სახე” – ოტია იოსელიანის ბიუსტი მწერლის ოჯახს არ მოსწონს

“არ ჰგავს! ცუდი მასალაა შერჩეული და არასწორად არის დადგმული. თავიდან თიხაში იყო შესრულებული. ბრინჯაოში გადატანის დროს, რა ეფექტიც ჰქონდა თიხაში, ის დაიკარგა. დღეს გახსნისას ფოტო არ გადავუღე. ისე დგას, მთელი დღის მანძილზე ბიუსტს კონტრაჟურში აქვს სახე, ჩრდილი ადგას და სახეს ვერ დაინახავთ. ეტყობა, სპეციალურად ისე დადგეს, რომ მხოლოდ სილუეტი ჩანდეს.ამ ბიუსტზე პირველ კომენტარს თქვენთან ვაკეთებ. არც მამაჩემს ულაპარაკია მასზე. ბევრს ჰგონია, რომ სვანურ ქუდს თუ დაახურავ და ჩიბუხს დააჭერინებ ხელში, უკვე ოტიაა! სვანური ქუდის დახურვა ყველას შეუძლია. მთავარი – ბაბუას ხასიათი არ არის ამ ბიუსტში.”

ამის შესახებ, ოტია იოსელიანის შვილიშვილმა, ოტია უმცროსმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუსტი ნაჩქარევად და “ფართხა-ფურთხით” გაკეთდა და ოჯახმა ავტორის სახელი დღესაც არ იცის. “ტენდერი მოქანდაკეს არ მოუგია. თანამედროვე ტენდერების ამბავი ხომ იცით, რაღაც კომპანიამ მოიგო და კონკრეტულად ვინ შეასრულა, არ დაუსახელებიათ. ბიუსტი საკონცერტო დარბაზ “ივერიის” მოპირდაპირედ, ას მეტრში დგას.”

ცნობისთვის, დღეს, ოტია იოსელიანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. მის დასამზადებლად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 321,18 ლარი დაიხარჯა. ბიუსტი ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა.

იტვირთბა....