“ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილს კეთილშობილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად.
„ვფიქრობ, რომ ამ სურვილს კეთილშობილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად, მაგრამ პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო. შედეგები გრანდიოზულია, გადავანგრიეთ მაჟორიტარული მძარცველური სისტემა პოლიტიკურ იერარქიაში.
განთავისუფლებულია პოლიტპატიმართა დიდი უმრავლესობა და ამავდროულად, ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას. საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან კვლავ ორ პოლუსად დაყოს პოლიტიკური სივრცე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს. იმედია, მთელი პოლიტიკური სპექტრი ასეა განწყობილი და ამ განცხადების ავტორიც შეცვლის თავის პოზიციას შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზის შემდეგ. ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.