ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შესაძლოა ღარიბაშვილმა ივანიშვილი დაარწმუნოს და ფული ჩაადებინოს მსგავსი ტიპის საქმიანობაში…” – ხიდაშელი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში,  თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სუ-25-ებისა და ტყვია წამლის წარმოებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშნულს ღარიბაშვილი, საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის ბიძინა ივანიშვილს “ჩაადებინებს ფულს”.

მისი თქმით, საქართველოს ყველა თავდაცვის მინისტრი, მის გარდა, თავის პირველ, მეორე ან მეხუთე გამოსვლას იწყებდნენ საუბრით, რომ, სუ-25-ების წარმოება უნდა დაეწყოთ და შემდეგ ამას ვერასოდეს აკეთებდნენ.

„მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს, ან ნებისმიერ სხვა თავდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოში საავიაციო წარმოებას ააღორძინებს და გააცოცხლებს. მგონი, აქამდე უნდა მიხვედრილიყვნენ, რატომ ხდებოდა ისე, რომ მინისტრების უდიდესი უმრავლესობა ამ დაპირებით მოდიოდა და ამ დაპირების შესრულების გარეშე მიდიოდა, ისევე როგორც ტყვია-წამლის დაპირებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნოს და მას ინდივიდუალურად, როგორც ერთ ბიზნესმენს, ფული ჩაადებინოს მსგავსი ტიპის საქმიანობაში. მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამ დაპირების რეალიზება. სხვა ვარიანტი და სხვა შანსი აქ არ არსებობს. ამიტომ, მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო, მხოლოდ ბედნიერი და პირველი ვიქნები, ვინც ტაშს დაუკრავს მას ამ იდეის შესრულებაში. დამოუკიდებელი საქართველო 29 წლისაა და ვფიქრობ, იმ ასაკში შევიდა, როცა ზღაპრებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და რეალისტური ამოცანები დავისახოთ მიზნად“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იტვირთბა....