ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს რაც ტვ პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით…” – ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა “ტვ პირველი” დატოვეს

“ტვ პირველი” ორმა ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვა.

როგორც ვახო სანაიამ, გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, არხი ჟურნალისტებთან ერთად, გადაცემის ავტორებმა და სარედაქციო შემადგენლობამაც დატოვეს.

“გადაცემის ბოლოს მოკლე შეტყობინება ჩვენგან: ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ პირველზე. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების ხუთი წელი. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი. თანამშრომლობის რესურსი როგორც აღმოჩნდა ამოწურულია. ვიყენებთ უფლებას მივიღოთ გადაწყვეტილება, ტვ პირველს პოლიტმეტრის ავტორებთან ერთად ტოვებს სარედაქციო შემადგენლობა,” – განაცხადა სანაიამ.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჟიჟილაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ წასვლის მიზეზი არხის განვითარების პროცესია.

“მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარი მხოლოდ ფუნდამენტურ განსხვავებებზეა. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ჟურნალისტის სტანდარტის, გემოვნების და სხვა კომპონენტის თვალსაზრისით რაც ტვ პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. დღეს ხუთი წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა,” – თქვა ჟიჟილაშვილმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ ტელევიზიაში გააგრძელებენ ჟურნალისტები საქმიანობას, თუმცა მათივე განცხადებით, მაყურებელი მათ ეთერში მალევე იხილავს, გადაცემის იმ შემადგენლობით, რომელიც “ტვ პირველზე” იყო.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველიდან” ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, 9 ივნისს გავრცელდა.

იტვირთბა....