აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება და როგორც აცხადებს, მსგავსი შინაარსის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.
როგორც კელი დეგნანი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის.
“მე კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, ვინაიდან დღეს დილიდან გორში ვიყავი, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ვირუსის მართვის კუთხით და ამ პრობლემების გადალახვის შედეგად ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის.” – კელი დეგნანი.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ აუცილებელია, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, რათა კრემლის სასარგებლოდ საქმეების გაგრძელება ვეღარ შეძლონ.