თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და მისი სიგრძე დაახლოებით, ორი კილომეტრია.
„სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი მოწესრიგდებოდა და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებთან, ოჯახებთან ერთად, მწვანე გარემოში დაესვენათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სარწყავი სისტემები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. გარე განათების ქსელის დამონტაჟება დასრულებულია. ველობილიკისთვის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს, მთლიანად სამუშაოები კი, ძალიან მალე დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სასმელი წყლის შადრევნები და სპორტული მოედნები მოეწყობა. განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი. ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.