გარყვნილი პოლიტიკოსებისგან მე მოვისმინე იმდენად შეურაცხმყოფელი შეფასებები და ეპითეტები, რომ ამას უბრალოდ, მე უემოციოდ ვერ დავტოვებ – ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა,
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ უარი უნდა თქვას პოლიტიკაში ჩართულობაზე.
“მსოფლიოში სულ რამდენიმე ცნობილი ბრენდია სამხედრო ფეხსაცმელების მწარმოებელი, აქედან ორს მე დავუკვეთე პირდაპირ, ორჯერ უფრო ნაკლებ ფასად, ვინაიდან, განსაკუთრებული შემთხვევა იყო, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთა იყო, მათ გაითვალისწინეს სხვადასხვა ფაქტორები, ეს იყო მოლაპარაკების შედეგი. „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ ფეხსაცმელი დავუკვეთე, ეტაპობრივად ხდება ამის მოწოდება და შემდეგ ამ უზნეო, გარყვნილი პოლიტიკოსებისგან მე მოვისმინე იმდენად შეურაცხმყოფელი შეფასებები და ეპითეტები, რომ ამას უბრალოდ, მე უემოციოდ ვერ დავტოვებ და პასუხს მოვთხოვ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში სხედან. მათ პასუხი უნდა აგონ ჯარის შეურაცხყოფაზე.
მე მაგათი ბოდიში არ მაინტერესებს, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას. მაგათ ბოდიში კი არ უნდა მოიხადონ, საერთოდ უარი უნდა თქვან პოლიტიკაში ჩართულობაზე. ეს ადამიანები სანამ იქნებიან პოლიტიკაში, სანამ გამოხატავენ არა მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელ ინტერესსა თუ სურვილს, არამედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილს, მანამდე ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.