ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ცოლის რასისტული განცხადებების გამო სერბი ფეხბურთელი „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ დაითხოვა

„მეიჯორ ლიგ სოკერის” (MLS) კლუბმა „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაასრულოს თანამშრომლობა სერბ ფორვარდ ალექსანდარ კატაისთან.

29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი კლუბს არ დაუსახელებია. “ლოს ანჯელეს გელაქსი” ერთი ფრაზით შემოიფარგლა – „ლოს ანჯელეს გელაქსი“ ეთხოვება ალექსანდრ კატაის ორმხრივი გადაწყვეტილების შედეგად“.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტის რეალური მიზეზი ფორვარდის ცოლის პოსტებია. ტეა კატაიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მათი მონაწილეების შესახებ. კერძოდ, მან რასისტული ფრაზები გამოიყენა მათი მისამართით და პოლიციას უფრო მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა. მისმა პოსტებმა „გელაქსის“ ფანების აღშფოთება გამოიწვია.

ალექსანდარ კატაიმ „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ ორი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. ის სერბეთის ნაკრების მოქმედი ფორვარდია და ეროვნულ გუნდში ცხრა მატჩი დაუგროვდა.

იტვირთბა....