მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეთა მომსახურების 11-ვე სერვისცენტრმა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა, პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლა.
„მსოფლიო პანდემიის გამო, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია. თანამშრომლები, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, დღემდე მუშაობის დისტანციურ რეჟიმში არიან. ასევე, მოგვიწია სერვისცენტრების დახურვა, როგორც მერიაში, ისე 10-ვე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც, სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
„აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა. ბრძოლა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.