პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ – ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან.
“გუშინ ღამით თეთრ სახლთან აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დიდებული სამუშაო გასწია. ისინი არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიგვრძნია თავი უფრო უსაფრთხოდ. მათ „პროტესტის მონაწილეებს“ ბღავილის ნება დართეს, თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე მძიმედ დაშავდებოდნენ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობას ვუხდი მათ!“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.