“მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ჯერ ისევ არსებობს და ეს საფრთხე არსად არ წასულა, ბიზნესი შეძლებს ფუნქციონირებას”, – ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა და ბიზნესი ისევ იხსნება და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
„თქვენ იცით, რომ დღეს 11 ახალი შემთხვევა გვაქვს გამოვლენილი. რა თქმა უნდა, ამის გამო უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თორემ ეკონომიკა ისევ იხსნება, ბიზნესი იხსება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიაში, არის ტურიზმის სექტორთან ერთად დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არაა, რის შესრულებასაც ვერ შეძლებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს განვამტკიცოთ ჩვენი იმიჯი მსოფლიოში – როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ საწარმოში მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნო. მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ეკონომიკის კუთხით არსებულ პრობლემებსა და ვითარებაზე.
“მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო. მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად მივიღებთ 5%-იან ვარდნას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი საქართველო უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.