სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის. მისი თქმით, ეს იქნება პარტია, რომელიც პარტიული ინტერესებზე წინ საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას დააყენებს.
“დღეს, 2020 წლის 26 მაისია და ახლა ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რადგან ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სურვილი.
ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქამდე არსებული წესი ხალხის თავზე მოჯდომის და ხალხის თავმჯდომარეობის, ხალხის სამსახურად იქცეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც აქამდე წესად იყო პოლიტიკაში, ის იყოს სამარცხვინო! არ დავუშვებთ პრივილეგიებს პოლიტიკაში, არ დავუშვებ სახელმწიფოს სახელით, ხალხის გაღატაკებას”, — განაცხადა ელისაშვილმა.