მთავარი ციტატა

“ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისაგან თავს იკავებს”- უფლებადამცველები

 “არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისაგან თავს იკავებს. შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება. ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მის მისამართით ისმის.”

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველების განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

უფლებადამცველების თქმით, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი ვიდეოჩანაწერი ჩოგბურთელს ბრალეულობისგან ათავისუფლებს და იმედოვნებენ, რომ მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

 

იტვირთბა....