ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი ნიკოლოზს არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს”- ბასილაშვილის უფლებადამცველები 

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები  “ფეისბუქგვერდზე” განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია.

უფლებადამცველების თქმით, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი ვიდეოჩანაწერი ჩოგბურთელს ბრალეულობისგან ათავისუფლებს და იმედოვნებენ, რომ მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ დროისთვის უფლება არა აქვთ გამოძიებისთვის საჭირო მასალები გაამჟღავნონ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი მას არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს. ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე წარდგენილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2019 წლის შემდეგ განქორინებულები არიან. მათ 5 წლის შვილი ლუკასი ჰყავთ. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისაგან თავს იკავებს. შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მის მისამართით ისმის. ბასილაშვილს სურს, ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს“, – წერია ნიკოლოზ ბასილაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

იტვირთბა....