საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ეს დღე აერთიანებს ყველას განურჩევად სქესისა, რელიგიისა, უმცირესობების წარმომადგენბელისა.
“საქართველო – ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოს მოქალაქენო – ყოველი ერისა და ეთნოსის, ყველა აღმსარებლობის და ათეისტებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ბავშვებო და ხანდაზმულებო, ყველა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებო, ყველა პროფესიის მუშაკებო, ემიგრანტებო, და ოკუპაციის ქვეშ მყოფო თანამემამულენო, ყველა პოლიტიკური შეხედულების მიმდევრებო, მდიდრებო და ღარიბებო, მსჯავრდებულებო და ბრალდებულებო, თანამემამულენო, გილოცავთ იმას რაც გვაერთიანებს – გილოცავთ 29 წლის წინ აღდგენილ დამოუკიდებლობას!
დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ – ამ ლოზუნგით აღვნიშნეთ 2018 წლის 26 მაისს 100 წლის იუბილე ათობით საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად. და დღესაც, და მომავალშიც ეს მიზანი რჩება უზენაესი – შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ ვაშენოთ თავისუფლება. თავისუფლება კი საკუთარი თავის მთელ მის მრავალფეროვნებაში შეცნობას, აღიარებასა და სიყვარულს ნიშნავს,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა სხვისი უფლებები იქნება აღიარებული, ასევე, როცა როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ.
„თავისუფლები ვიქნებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!,”- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, შედეგად საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ხოლო, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.