საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თავდაცვის ძალებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განაცხადა, რომ 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღეს აღნიშნავენ.
თალაკვაძის თქმით, რუსული ძალების ოკუპაციის მიუხედავად, ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა ვერ შეაჩერა და დამოუკიდებლობა კვლავ დაიბრუნა.
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს, ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავ. 102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება, თითქმის, 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტერგრაციის გზა.
გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში.,”- აცხადებს თალაკვაძე.
დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.