ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ ხართ ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გმირებზე და მათ თავგანწირვაზე დგას.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთავარი ღონისძიება ტარდება.

მინისტრის თქმით, “ამ დღეს  განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ წინაპართა თაობის მიმართ, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს ხორცი შეასხეს ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას და შექმნეს იმ ეპოქისთვის ევროპაში თვალსაჩინო დემოკრატიული სახელმწიფო.”

“დღევანდელი დღე მსურს მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი. გმირებმა, რომელთაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობის და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებზე და მათ თავგანწირვაზე,”- აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი ქვეყნისთვის ბრძოლაში განსაკუთრებულად გამოარჩევს სამხედროების წვლილს და აღნიშნავს, რომ ისინი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმარცხებლები არიან ახალი გამოწვევის წინაშე.

“დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპირების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება. თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმარცხებლები არიან ახალი გამოწვევის წინაშე,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მინისტრი ამ დღეს განსაკუთრებულად ულოცავს ვეტერანებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ქვეყანა.

დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, შედეგად საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ხოლო, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

იტვირთბა....