საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ქართველი ხალხის მიზანია ქვეყნის გამთლიანება.
ამის შესახებ პრემიერმა ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთავარი ღონისძიება ტარდება.
მისივე თქმით, ქართველი ჯარი ყველას აძლევს მაგალითს, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს.
“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი წვლილი.
მეგობრებო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე დაყრდნობით, იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა ცხოვრების ყველა, სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს.
არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ,რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში,”- აცხადებს გახარია.
დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.